ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვების ბაზარი საქართველოსთვის იხსნება

თბილისი (BPI) – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა მთავრობის 2016 წლის 31 მარტის #536 განკარგულებით.

სამოქმედო გეგმა შედგება ხუთი ფაზისგან და მოიცავს 2015-2022 წლებს. 2017 წლის ბოლოს, პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვების ბაზრის ეტაპობრივი გახსნა. აღნიშნული გარემოება უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ხელშეწყობისათვის. ამასთან, საგულისხმოა, რომ დაახლოების პირველი ფაზის შემდეგ გათვალისწინებულია საჯარო შესყიდვებში ევროკავშირის ბაზრის გახსნა ცენტრალური მთავრობების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში, ხოლო მომდევნო ფაზებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ბაზრის გახსნა ქვე-ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში. ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელიც 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რამოდენიმეჯერ ეწვია, მომზადებულ დასკვნებში ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასა ვალდებულებების ფარგლებში სააგენტოს მიერ სამოქმედო გეგმის შესრულება, რაც საფუძვლად დაედო პირველი ფაზის წარმატებით დასრულებას.