ეს არ არის ჩემი არჩევანი – გზავნილი, ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებისთვის

თბილისი (BPI) – საქართველოში დღესდღეობით 2000 -მდე ბავშვს გადარჩენისათვის ბრძოლა უწევს დიდი ქალაქების ქუჩებში, გზაჯვარედინებსა და მეტროს სადგურებში, მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებთან, ეკლესიების სიახლოვეს.

ისინი მათხოვრობენ და წვრილმან ნივთებს ყიდიან, რათა საკუთარი ოჯახებისათვის ყოველდღიური პურის ფული მოიპოვონ. ეს ბავშვები ადრეული ბავშვობიდან ექსპლოატაციის მსხვერპლნი არიან. ხდება მათი სტიგმატიზაცია სახელით „ქუჩის ბავშვები“. მათ უყურებენ როგორც ჭუჭყიან, საშიშ ადამიანებს, მოკლებული არიან ბავშვობას და მხრებზე ზრდასრული ადამიანის ტვირთი აწევთ.

World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიით „ ეს არ არის ჩემი არჩევანი“ მიზნად ისახავს ქუჩებში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დახმარებით.

World Vision -ი მრავალი წელია მუშაობს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე. დღესდღეობით ორგანიზაცია სამ დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრს ხელმძღვანელობს ბავშვთა ჩართულობის, საგანმანათლებლო და ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო სერვისების უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე ცენტრი ყოველდღიურად ახდენს სერვისის მიწოდებას 60 ბავშვისთვის, თუმცა ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე ზრუნვისთვის გაცილებით მეტი რესურსია საჭირო.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაა. გააზრება იმისა, რომ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები თავად არიან ძალადობის მსხვერპლი და მათ ასეთი ყოფა არ აურჩევიათ.

World Vision საქართველოს კამპანია „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ სწორედ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაზეა მიმართული. კამპანიის ფარგლებში თბილისსა და ქუთაისში მოიხატა კედლები, რაც კონკრეტული გზავნილის მატარებელია და მიზნად ისახავს ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე საზოგადოების დაფიქრებას და დამოკიდებულების შეცვლას საკითხისადმი.

„მიმდინარე კამპანიით გვინდა დავაფიქროთ საზოგადოება თითოეულ ბავშვზე, ვინც შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლია; დავაფიქროთ იმაზე, რომ ქუჩაში ცხოვრება და მუშაობა არ არის მათი არჩევანი. კამპანიით „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ ჩვენ გვინდა ხმა მივაწვდინოთ ყველა მხარეს, ვისაც ჯერ არ უფიქრია ქუჩაში მომუშავე ბავშვებზე, ვისაც უფიქრია და გამოსავალი ვერ უპოვნია და მათაც, ვინც აქტიური მონაწილეები არიან ბავშთა ექსპლოატაციის პროცესში.“ – ამბობს ეკა ჟვანია – World Vision საქართველოს პროგრამების დირექტორი.

შემთხვევითი სიახლე

“თიბისიმ” ახალციხეში ფერმერებისთვის აგროფორუმი გამართა

თბილისი (BPI) – თიბისი ბანკის აგროფორუმები რეგიონებში გრძელდება და კახეთისა და შიდა ქართლის შემდეგ უკვე …