ეკონომიკის გამოცოცხლების წელიწადი – 2017 წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენების მიმოხილვა

თბილისი (BPI) – ორწლიანი დაბალი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა დაგეგმილ მაჩვენებელს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 2015-2016 წლებში სავალუტო კრიზისის პარალელურად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წელიწადში 3%-ზე ნაკლებად იზრდებოდა, უფრო კონკრეტულად 2015 წელს მშპ-ს ზრდა 2,9%, ხოლო 2016 წელს – 2,8%-ი იყო. 2017 წლის პირველ სამ კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპმა 4,7%-ი შეადგინა, რაც მთავრობის მიერ წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზზე (4%) მეტია.

ეკონომიკის გაზრდას მნიშვნელოვანდ ხელი შეუწყო გაზრდილმა ექსპორტმა, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, ფულადი გზავნილების მომატებულმა მაჩვენებელმა და ტურიზმიდან რეკორდულად მაღალმა შემოსავალმა. თუმცა 2017 წელს თან სდევდა არასტაბილური ლარის კურსი, რაც ბოლო 3 წელია საქართველოს ეკონომიკისთვის ტრადიციად იქცა და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი.

ეკონომიკური ზრდა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 10 თვეში საშუალოდ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. მთავრობა 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ქვეყანაში 4%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი მთავრობის მიერ საპროგნოზოდ განსაზღვრულ ზრდას 0.9%-ით აღემატება. 2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ოქტომბერში იყო, ყველაზე დაბალი კი აპრილში: იანვარი – 5.2%; თებერვალი – 4.4%; მარტი – 5.3%; აპრილი – 2.1%; მაისი – 5.3%; ივნისი – 4.6%; ივლისი – 3.8%; აგვისტო – 4.3%; სექტემბერი – 5%; ოქტომბერი – 5.7%.

ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია 29%-ით გაზრდილმა ექსპორტმა და კომერციული ორგანიზაციების 17%-ით გაზრდილმა ბრუნვამ. ოქტომბერში კერძო სექტორის ბრუნვამ ჯამში 5.8 მილიარდი ლარი შეადგინა. IMF-მა ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს 2017 და 2018 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. წელს ფონდი საქართველოში 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, განახლებული პროგნოზით კი ის 4.3%-ის დონეზეა, 2018 წლის განახლებული პროგნოზი კი 4.2%-ია, რაც ფონდის წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

ინფლაცია

ფასების საერთო დონე თითქმის მთელი წელი იზრდებოდა. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნულ ბანკს წლიური ინფლაცია 4%-ის ფარგლებში ქონდა დაგეგმილი, თუმცა თებერვლის მერე რაც გასცდა ფასების საერთო დონის ზრდა მიზნობრივ მაჩვენებელს, მას შემდეგ 4%-ს არც ჩამოცდენია.

უკვე თვეებია ფასების ზრდის საერთოდ დონე 4%-ზე მაღლა ფიქსირდება, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი ჯიუტად იმეორებდა, რომ მონეტარულ პოლიტიკას არ გაამკაცრებდა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკი მთელი შემოდგომა აცხადებდა, რომ არ აპირებდა მონეტალური პოლიტიკის გამკაცრებას ან სავალუტო ინტერვენციებს იმ მიზნით, რომ ლარის კურსის გაუფასურება შეეჩერებინა, რადგან ჯერ-ჯერობით ეს პროცესი ფასების საერთო დონის ზრდაზე არ ახდენდა ზეგავლენას. შედეგი კი ნოემბერში აბსოლუტურად განსხვავებული დადგა, როდესაც წლიურმა ინფლაციამ უკვე 6,9%-ს მიაღწია. ამასთან, თუ გადავხედავთ ინფლაციის საშუალო დონეს წლის დასაწყისიდან განუხერად იზრდება და რატომ ქონდა სებ-ს ასეთი ოპტიმისტური მიდგომა საკითხისადმი, გაუგებარია.

საგარეო ვაჭრობა და ექსპორტ-იმპორტი

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8566.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 2203.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (29.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6363.0 მლნ. აშშ დოლარს (7.8 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში 4160.0 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.6 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1700.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 27.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

თუმცა, იმ საექსპორტო პოტენციალით რაც დღეს გვაქვს ბევრი მიღწევა შეუძლებელია, რადგან ჩვენი მთავრი საქესპორტო პროდუქცია სოცლის მეურნეობის პროდუქტები და ნახევარფაბრიკატებია. იმისათვის, რომ ექსპორტი გაგვეზარდოს, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდეს და ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს აუციელებელია ძლიერი ადგილობრივი წარმოების არსებობა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები

2017 წლის 9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით $1.34 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ინვესტიციების მხრივ ეკონომიკის სექტორებს შორის პირველ ადგილზე სატრანსპორტო სექტორია, სადაც წელს $447 მილიონი ინვესტირდა

საქსტატის მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულს იკავებენ, აზერბაიჯანი 378 მილიონი დოლარით (კლება წინა წელთან 12%), თურქეთი 259 მილიონი დოლარით(ზრდა წინა წელთან 44%) და გაერთიანებული სამეფო 175 მილიონი დოლარით(ზრდა წინა წელთან 30%).

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, 2017 წლის 11 თვეში სულ 1,241 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 122.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 326.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.8 პროცენტით (24.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ნოემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან და „რკინის აბრეშუმის გზა“

2017 წლის 13 მაისს პეკინში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის  გაფორმდა  დოკუმენტი, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების (2018 წლის 1 იანვარი)  შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებს  ეხსნება უზარმაზარი ბაზარი დაახლოებით 1,4 მილიარდიანი პოტენციური მომხარებლით. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე  დამატებითი საბაჟო გადასახადის  გარეშე  შეიტანონ, ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში ექსპორტის შემთხვევაში ქართული პროდუქციის  94% გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

30 ოქტომბერს, ბაქოში ოფიციალურად გაიხსნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. რკინიგზა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს, განიხილება როგორც „რკინის აბრეშუმის გზა“. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.

ამ პროექტით შესაძლებელი გახდება ბევრად იაფად და ბევრად სწრაფად დაუკავშირდეს ევროპა აზიას, რითაც ჩვენ ძალიან დიდ სარგებელს მივიღებთ თუნდაც იმით, რომ ბევრი ქვეყანა იქნება დაინტერესებული ჩვენთან სტაბილურობით და ამას დაემატება, ვთქვათ, ეკონომიკური სარგებელი – ინვესტიციები მოჰყვება, წესით და რიგით, ამ პროექტს და დასაქმებული ადამიანები.

საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო რეიტინგებში 2017 წელს

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებმა MOODY’s-მა, Fitch Rarings-მა და S&P-მა 2017 წელს საქართველოს ახალი საკრედიტო რეიტინგი დაადასტურეს. კომპანია Moody’s-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba 2-მდე  გააუმჯობესა, ხოლო ქვეყნის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კპმპანია Fitch Rating-ის შეფასებით საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და ის BB მინუსს შეადგენს, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა კი “სტაბილურია”. საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB მინუსი განვითარებადი, საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის დამახასიათებელი დაბალი რეიტინგია. Fitch-ის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებლის მიზეზი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსში არსებული მაღალი დეფიციტია, ხოლო S&P შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ “BB- ” დონეზეა, რეიტინგის პროგნოზით “სტაბილური”.

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშში ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს, გასული წლის ანგარიშის (2016-2017) მიხედვით საქართველო 59-ე ადგილზე იყო, ანუ 8 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ჯამური ქულა არ შეცვლილა, ისევ 4.3-ია, მაგრამ რეიტინგში პოზიცია სხვა ქვეყნების ქულების გაუმჯობესების გამო გაუუარესდა. რაც შეეხება საქართველოს მთლიან პოზიციას, აღსანიშნავია რომ, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველწელს გაუმჯობესების ტენდენცია იყო. ასე მაგალითად, თუ 2011-2012 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩვენ ქვეყანას 88-ე პოზიცია ეკავა, 2016 წლის რეიტინგში 59-ე ადგილამდე დავწინაურდით, თუმცა წელს უკან დავიხიეთ 8 საფეხურით.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ ანგარიშში Doing Business 2017 საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის კეთების სიმარტივით მე-16 ადგილზეა. შარშანდელ რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილზე იყო და შესაბამისად 7 პოზიციით წინ წაიწია. რეიტინგის ლიდერები ახალი ზელანდია, სინგაპური და დანია არიან. ბოლო ადგილებზე კი ლიბია, ერითრია და სომალი არიან. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ ესტონეთი (მე-12) და ლატვია (მე-14) უსწრებს. კვლევის შედეგების თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში საქართველო მესამე ადგილზეა უმაღლესი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის – მაკედონიის და ლატვიის შემდეგ. საქართველო, ასევე, იმ მოწინავე 10 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საკუთარი მაჩვენებლები გლობალური მასშტაბით.

ბანკების მოგება კვლავ რეკორდულ ნიშნულზეა

2017 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 48,1 მლნ. ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 717,2 ლარი შეადგინა, რაც 26,5%-ით, 150,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციულმა ბანკებმა 566,5 მლნ. ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

ამასთან, სტაბილურად იზრდება ბანკების პროცენტული შემოსავალიც და 11 თვის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 2,4 მლრდ. ლარს ლარს შეადგენს. 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავალი 2,1 მლრდ. ლარი იყო. როგორ წინა წლებში, 2017 წლის 11 თვეში კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან იღებენ – იანვარ-ნოემბერში ამ მაჩვენებელმა 1,4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სესხებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის 52,1%-ია.  იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან შემოსავალი, თითქმის ორჯერ ნაკლებია და 776,3 მლნ ლარს შეადგენს. ასევე, მაღალ შემოსავალს იღებენ ბანკები არაპროცენტული შემოსავლებიდან, ამ მხრივ ბანკების სარგებელმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში 1,3 მლრდ ლარი შეადგინა.

საგულისხმოა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, კომერციული ბანკების წმინდა მოგება ზრდის ტენდენციით ხასიათდება და თითქმის ყოველ წელს ახალ რეკორდს ხსნის.

2012 წელი -134,2 მილიონი. ლარი;

2013 წელი – 389,1 მლნ. ლ;

2014 წელი – 474,8 მლნ. ლ;

2015 წელი – 537,3 მლნ. ლ;

2016 წელი –  631,8 მლნ. ლ.

 

მერაბ ჯანიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …