ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე RMG-ის დაფინანსებით არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდება

თბილისი (BPI) – ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები წარიმართა.

კლევითი პროცესი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საპატრიარქოს ალავერდის ეპარქიის ინიციატივით განხორციელდა. პროექტი კომპანია RMG-იმ დააფინანსა, სამეცნიერო მისია კი არქეოლოგ გიორგი ლაღიაშვილის ხელმძღვანელობით ა(ა)იპ ,,ფონდი ძველი შუამთამ” განახორციელა.

წარმოებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილია სატაძრო კომპლექსის ირგვლივ არსებული სუბსტრუქციის კედელი, რომელიც გარს უვლის კომპლექსს და იმავე დროს ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ზედა და ქვედა ტერასებს მიჯნავს ერთმანეთისაგან.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით აღნიშნული კედლის მშენებლობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარია XI საუკუნე. გათხრილია სამეურნეო ნაგებობა, სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩადგმული ქვევრით. იატაკის დონეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალის მიხედვით ნაგებობა XI-XIII საუკუნეებით თარიღდება. მონასტრის ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წარმოებული თხრის შედეგად (სუბსტრუქციის კედელი და სამეურეო ნაგებობა) ქვედა ტერასაზე გამოვლენილია 1-1,5 მეტრის საერთო სიმძლავრის კულტურული ფენა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კერამიკულ ნაწარმს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ მონასტერი, მცირედი ინტერვალებით მოქმედია ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, XVI საუკუნის ჩათვლით. ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კომპანია RMG-სა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შორის უკვე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება შუამთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოების გაგრძელების შესახებ. დიდი ალბათობით, სამეცნიერო კვლევა-ძიების სამუშაოების პროცესი მიმდინარე წელსვე დაიწყება. მომავალი ექსპედიციის ფარგლებში არქეოლოგები ძველი შუამთის სხვა არქეოლოგიურ უბნებზე უზრუნველყოფენ მიწის სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემისა და ცალკეული ობიექტების ანაზომების, ასევე გამოვლენილი ნაგებობებისა და კულტურული ფენების სტრატიგრაფიული ჭრილების მომზადებას, გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა და ობიექტების ფოტო და გრაფიკულ ფიქსაციას. დაგეგმილი სამუშაოები კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ალავერდის ეპარქიის ზედამხედველობით წარიმართება.

შუამთის მონასტერში დასრულებული სამეცნიერო-არქეოლოგიური კვლევითი I ეტაპით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია RMG-ს შორის საფუძველი ეყრება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის მხრივ თანამშრომლობის მრავალწლიან პროცესს, რომელიც 2017 წლის 10 დეკემბერს სააგენტოს, კომპანია RMG-სა და საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას შორის დადებული ხელშეკრულების სახით, სამართლებრივად გაფორმდა. ამ დოკუმენტის საფუძველზე კომპანია RMG 2018 წლიდან 2021 წლის ჩათვლით 7 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის: ფიტარეთის ეკლესიის, ბოლნისის სიონის, სამშვილდის ნაქალაქარის, სათხეს, ნიკორწმინდის, შუამთისა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსების რეაბილიტაციის პროცესში უკვე ჩართულია. 4 წლიანი პროექტი კომპანიის მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების მილიონ 700 ათასი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს.

შემთხვევითი სიახლე

ლუკა ჩაჩიბაია: GWP სამი წლის განმავლობაში 200 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს

თბილისი (BPI) – კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და 2019 …