დავით ჭიჭინაძე: ბანკები ფლობენ ბიზნესებს, შედიან ბიზნესთან კონკურენციაში

თბილისი (BPI) –  სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების მიზნებს მთავრობა და პარლამენტი განსხვავებულად ხედავს.

დეპუტატების ნაწილს მიაჩნია, რომ ზედამხედველს ფუნციონალურ გაძლიერებასთან ერთად პასუხისმგებლობაც უნდა გაეზარდოს, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე.

I მოსმენით პროექტის საპარლამენტო  განხილვისას დავით ჭიჭინაძემ სადემონსტრაციოდ სებ-ის პრეზიდენტის ბოლო განცხადება მოიხმო, ლარის მდგომარეობის შეფასებებისგან სებ-ის პასუხისმგებლობის მოხსნაზე.

მიაჩნია, რომ კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენებისას გამოთქმული შენიშვნებიდან, ინიციატორებმა მთავარი არ გაითვალისწინეს. სებ-ის საზედამხედველო ბაზაში არ ექცევა საინვესტიციო ფონდი, რომლის კონტროლიც მისი აზრით, უფრო ნათლად წარმოაჩენდა საფინანსო ბაზრის გამოწვევებს და შესაბამისად, პრევენციების  შესაძლებლობასაც გაზრდიდა. ლარის გაუფასურების მიზეზებზეც მეტ ინფორმაციას გააჩენდა. რაც თავის მხრივ უნდობლობის ფაქტორსაც მოხსნიდა.

„ბიზნესი არის ბანკების კონკურენტი, ბანკები ფლობენ ბიზნესებს, შედიან კონკურენციაში“, –  დავით ჭიჭინაძეს მიაჩნია,  რომ კანონპროექტი, წარმოდგენილი რედაქციით, ბანკების არაპრიოფიოლურ საქმიანობას ვერ შეზღუდავს.

ცვლილებები შალვა თადუმაძემ წარადგინა. მე-2 მოსმენისთვის მუხლობრივ განხილვაზე სებ-ი წარმოადგენს.

ცვლილებით წესრიგდება საკრედიტო და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული, აგრეთვე საბანკო ჯგუფის საქმიანობის ზედამხედველობის საკითხები. დგინდება შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები. უქმდება კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის ცნება. განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციები. დგინდება ეროვნული ბანკის ახალი უფლებამოსილებები ზედამხედველობის კუთხით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნებისათვის.