დავეწიოთ და გავასწროთ ბელარუსს

თბილისი (BPI) – სსფ-ს პროგნოზით 2022 წლისთვის საქართველო ალბანეთსა და ბოსნიაზე მდიდარი იქნება, ხოლო ბელარუსის დონეს მიუახლოვდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 4 ათას 123 აშშ დოლარს გადააჭარბებს, რითაც ჩვენს საუკუნეში პირველად სამხრეთ კავკასიიის რეგიონში პირველ ადგილზე გავა და სომხეთთან ერთად უკვე აზერბაიჯანსაც უკან ჩამოიტოვებს.

სსფ-ის შეფასებით 2017 წელს სომხეთის მშპ ერთ სულზე გაიზრდება 3 თას 690 აშშ დოლარამდე, აზერბაიჯანისა კი – 4 ათას 098 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, 2016 წლის დარად 2017 წელსაც საქართველოში მშპ ერთ სულზე უფრო მეტი იქნება ვიდრე უკრაინაში ($ 2 459) და მოლდოვაში ($2 240). საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2018 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 ათას 529 აშშ დოლარამდე გაიზრდება, რაც სსფ-ს ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიული მაქსიმუმია.

თუ საბჭოთა კავშირში პოპულარული იყო ამერიკის დაწევა და გადასწრება. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზანი ევროპის ცხოვრების საშუალო დონის მიღწევაა. თუმცა, მანამდე პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო ხელშესახებ დისტანციაზეა არიან. მათ შორის აღსანიშნავია ბალტიის ქვეყნები და ბელარუსი, რომლებმაც საბჭოთა კავშრის დაშლის შემდგომ ბევრად მდიდარი ეკონომიკა ააშენეს ვიდრე ჩვენ. დღეისათვის საქართველო ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანასაც ჩამორჩება ცხოვრების დონით. ჩვენზე უკან სომხეთი, მოლდოვა, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და უკრაინაა.

სავალუტო ფონდის მომდევნო 4 წლის პროგნოზის თანახმად 2022 წლისათვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 6 259 აშშ დოლარამდე გაიზრდება და ამ მაჩვენებლით 2022 წელს უკვე გადაუსწრებს ევროპის ორ, ე.წ. განვითარებად ქვეყანასაც – ალბანეთს ($6 206) და ბოსნია ჰერცოგოვინას ($5 833), ამასთან 12%-ანი სხვაობით მიუახლოვდება ბელარუსს ($6 986) და 17.7%-ანი სხვაობით – მაკედონიას ($7 369.5).

ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სიმდიდრის შეფასების ერთ-ერთი მეთოდია  ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დათვლა. თუმცა, უფრო ზუსტ მაჩვენებლად ე.წ. PPP-ს მეთოდი მიიჩნევა. ქვეყნების ეკონომიკების შეფასებისას იყენებენ მსიდველუნარიანობის გათანაბრების სპეციალურ მეთოდს ანუ PPP-ს (purchase power parity). გათანაბრების შემდეგ საქონლისა და მომსახურების ფასები ყველა ქვეყანაში უნიფიცირებული ხდება, რაც ამ ქვეყნების მონეტარული პოტენციალის უკეთ შეფასების საშუალებას იძლევა. სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოსთვის ასე დათვლილი მშპ ერთ სულზე 2017 წელს დაახლოებით $10,644 დოლარია, ამ გათანაბრების გარეშე კი ეს მაჩვენებელი $4,123 დოლარია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წლის მდგომარეობით ყველაზე მდიდარი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ლიტვაა, რომლის მშპ ერთ მოსახლეზე (PPP) $31,935 დოლარია. საქართველო ლიტვასთან შედარებით სამჯერ ღარიბია და მისი მშპ ერთ მოსახლეზე $10,644 დოლარს შეადგენს. საქართველო სიმდიდრით მხოლოდ 6 პოსტსაბჭოთა ქვეყანას ასწრებს, ესენია: უკრაინა, სომხეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ყველაზე ღარიბი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ტაჯიკეთია, რომლის მშპ ერთ მოსახლეზეც $3,131-ია.

აღსანიშნავია, რომ იმ ეკონომიკური ზრდით, რაც 2013-2016 წლებში საქართველოს ჰქონდა, ანუ საშუალოდ 3.4%-ით, საქართველოს დღევანდელი ლიტვის სიმდიდრის დონეზე მისასვლელად 30 წელზე მეტი დაჭირდება.

Global Finance-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შეადგინა. გამოცემამ ქვეყნების სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლით და ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით გამოთვალა. საქართველო ამ რეიტინგში 108-ე ადგილს იკავებს, $10,099 შემოსავლით. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან რეიტინგში აზერბაიჯანი 71-ე ადგილზეა, თურქეთი 63-ზე, რუსეთი 52-ზე, ხოლო სომხეთი – 114-ზე. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნების სია შემდეგია:

  1. ყატარი (ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი PPP $129 512);
  2. ლუქსემბურგი ($100 991);
  3. მაკაო ($87 845);
  4. სინგაპური ($86 854);
  5. ბრუნეი ($77 662);
  6. ქუვეითი ($70 587);
  7. ირლანდია ($69 374);
  8. ნორვეგია ($69 031);
  9. არაბთა გაერთიანებული საემიროები ($67 947);
  10. სან-მარინო ($64 465);

საყურადღებოა, რომ თუ ნომინალური მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლით აზერბაიჯანს გავუსწარით და მომდევნო 4 წელიწადში ბოსნიასა და ალბანეთსაც უნდა ვაჯობოთ. თუმცა, თუ ფულის მსყიდველობითი უნარის (PPP) გათვალისწინებით დავაჯგუფებთ ქვეყნებს აღმოჩნდება, რომ თუნდაც ბელარუსის და აზერბაიჯანის ცხოვრების დონემდე საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი უკლია. სსფ-ს ინფორმაციით 2017 წლის მაჩვენებლით ბელარუსში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი (PPP) $18 616, აზერბაიჯანში – $17 433, ხოლო საქართველოში 10 644 დოლარია. ამ პარამეტრში აზერბაიჯანი ჯერ კიდევ წინაა ჩვენთან მიმართებით და დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპის გათვალიწინებით კიდევ რამდენიმე წელი ასე იქნება.

 

მერაბ ჯანიაშვილი

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით რუმინული ავიაკომპანია TAROM-ი პრეზენტაციას გამართავს

თბილისი (BPI) – რუმინული ნაციონალური ავიაკომპანია TAROM-ი ბუქარესტი–თბილისი–ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისებების განხორციელებას იწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ავიაკომპანია დღეს 11:00 საათზე, …