დასაქმება საზღვარგარეთ – შვეიცარიული პროექტის ირგვლივ აჟიოტაჟი არ ცხრება

თბილისი (BPI) – შვეიცარიის საელჩოს განმარტებამ უცხოეთის ფერმებში დასაქმების მსურველთა ნაწილი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ საელჩომ ცალსახად განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში დაწყებული პროექტი საქართველოს მოქალაქეებს არ ეხება, „კომერსანტს“ კვლავ უკავშირდებიან მკითხველები, რომლებიც მოითხოვენ დეტალურ ინფორმაციას აღნიშნული პროგრამის შესახებ.

ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის რუსუდან გიგაშვილის თქმით, უცხოეთის აგრარულ მეურნეობებში დასაქმების შანსს საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმე პროგრამა აძლევს. მათ შორის ერთერთი ყველაზე ცნობილია ამერიკული კოჰრანის ყოველწლიური პროგრამა, რომელსაც USAID–ი ახორციელებს და ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების მოკლევადიან, 2-3 კვირიან სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს.

კოჰრანის პროგრამა საქართველოში 1993 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის განმავლობაში, ამერიკაში სტაჟირება გაიარა საქართველოს 130-მა მოქალაქემ. წელს კოჰრანის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 60-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

აგრარულ სფეროში უცხოეთში განათლებისა და პრაქტიკის მიღების საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს ასევე ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული, მაშავის პროექტი, კონრად ადენაუერის ფონდის პროგრამა, ასევე ფუნქციონირებს აშშ–ისა და ჰოლანდიის საელჩოებისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ ორგანიზებული ტურები.

ძირითად შემთხვევაში, პროექტის მთელ დაფინანსებას საკუთარ თავზე დონორი იღებს, თუმცა ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, დაფინანსების ნაწილი, მაგალითად გზის თანხა, მონაწილის გადასახდელი იყოს. რაც შეეხება მოთხოვნებს, ცხადია, აპლიკანტს სოფლის მეურნეობის სფეროში გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელის რუსუდან გიგაშვილის განცხადებით, ამერიკული კოჰანის პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიული განათლების მიღებას სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე პრაქტიკის გავლას ფერმებში, თუმცა აღნიშნული პრაქტიკა იქ ანაზღაურებადია.

გიგაშვილის თქმით, ამ პროგრამით აშშ–ში გამგზავრებისთვის აუცილებელია სოფლის მეურნეობაში მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნა, მისი დასრულების შემდეგ პროგრამაში მონაწილეს აქვს ვალდებულება, დაბრუნდეს საქართველოში და მიღებული ცოდნა სამშობლოში საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენოს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პროგრამის გავლის შემდეგ ადამიანი რჩება შტატებში და იქ განაგრძობს საქმიანობას. გიგაშვილის თქმით, თუკი ადამიანი საქართველოში, აგრარულ სფეროში მუშაობითაა დაინტერესებული, მისთვის გაცილებით მომგებიანია დაბრუნება და მიღებული გამოცდილებისა და განათლების საფუძველზე საკუთარი ბიზნესის განვითარება, ვიდრე ამერიკაში დარჩენა და მაღალ კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

„მართალია, არაერთმა ქვეყანამ შეზღუდა მსგავსი პროგრამები, რადგან ადგილზე შეექმნათ დასაქმების პრობლემა, მაგრამ პერიოდულად ასეთი პროგრამები ცხადდება და მათში მონაწილეობის მიზნით ადამიანმა, უბრალოდ, თვალი უნდა ადევნოს ამ მხრივ არსებულ სიახლეებს. შვეიცარიის შემთხვევაში, ალბათ, ამ პროგრამით ალბათ ბევრი შემთხვევითი ადამიანი დაინტერესდა, რომელიც მოხიბლა ამ ქვეყანაში დასაქმებისა და 3 ათასი ევროს ხელფასის აღების პერსპექტივამ. ვვარაუდობ, რომ უმრავლესობას არ აქვს სამშობლოში დასაქმების იმედი და პერსპექტივა. ჩვენც მოგვმართეს ამ პროგრამით დაინტერესებულმა ადამიანებმა და მათ შორის მხოლოდ ორი თუ სამი იყო, ვისაც შვეიცარიაში აგრარულ სფეროში განათლების მიღება და შეძენილი ცოდნით სამშობლოში საკუთარი საქმის აწყობა სურდა. ესენი ახალგაზრდები იყვნენ და ასეთი პრეცედენტი იმედისმომცემია, თუმცა უმეტესობა უბრალოდ, დასაქმებისა და შემოსავლის მიღების მარტივ შესაძლებლობას ეძებდა,“ – განაცხადა გიგაშვილმა.

აგრარული საგანმანათლებლო ტურების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების, საელჩოებისა და შესაბამისი ასოციაციების საშუალებით ვრცელდება. ფერმერთა კავშირის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე ერთერთია, ვინც ფერმერებს ამ ტურების შესახებ ინფორმაციას აწვდის.

ნინო ზამბახიძეც ვარაუდობს, რომ შვეიცარიაში დაწყებული პროგრამით დაინტერესებულთა უმრავლესობას, უბრალოდ, უცხოეთში დასაქმება სურდა და რა სფეროში დასაქმდებოდნენ, აგრარულში თუ მაგალითად სამშენებლოში, მათთვის გადამწყვეტი არ იყო.

„ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ, სურს რომ ემიგრანტი იყოს. შესაძლოა, იყვნენ ისეთებიც, რომელსაც თავი ნაპოვნი აქვს და პრაქტიკის ამაღლება სურდა. ფაქტია, რომ როდესაც უცხოელი სპეციალისტები ჩამოდიან და 4–5 დღიან, სრულიად უფასო ტრენინგებს ატარებენ, ხალხი ვერ მოგვყავს. აბა ერთწლიანი ტრენინგი გამოაცხადოს რომელიმე საელჩომ, როგორი მოთხოვნა იქნება. იტყვიან, რომ ოჯახს ვერ დატოვებენ. სწავლისა და გამოცდილების გარეშე ევროპაში დასაქმება რთულია, იქ კონკურენციაა და ასე მარტივი არ არის. წყნარ შვეიცარიაში ცხოვრება და მაღალანაზღაურებადი სამსახური, ცხადია, ყველას სურს,“ – ამბობს ზამბახიძე.

შეკითხვაზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს მოქალაქეს უცხოეთის აგრარულ სფეროში დასაქმდეს, ზამბახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ სფეროში უცხოური მუშახელის დასაქმებას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვერ იპოვიან შესაბამის რესურსს ადგილზე, თავიანთ მოქალაქეებს შორის.

შესაბამისად, ასეთი ადამიანების მიმართ არსებობს კვალიფიკაციის მოთხოვნები, ცხადია, აქ არ იგულისხმება არალეგალად დასაქმების შემთხვევები.

შვეიცარიის საელჩომ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც შვეიცარიის მხარე მიგრანტებს სოფლის მეურნეობის სფეროში ლეგალური დასაქმების შანსს სთავაზობს, განმარტება გუშინ გააკეთა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შვეიცარიის ფერმერთა კავშირი და მიგრაციის სახელმწიფო სამსახური მცირე საპილოტე პროექტს ახორციელებენ იმისათვის, რომ დადგინდეს თუ რამდენად შესაძლებელია შვეიცარიაში უკვე მცხოვრები და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების დასაქმება სოფლის მეურნეობის დარგში.

“ბოლო დროს საქართველოს საინფორმაციო წყაროებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს და შვეიცარია აქტიურად ახდენს მუშა ხელის მოძიებას შვეიცარიაში სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმების მიზნით. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმე იმაშია, რომ შვეიცარიის ფერმერთა კავშირი და მიგრაციის სახელმწიფო სამსახური ახორციელებენ მცირე საპილოტე პროექტს, რათა დადგინდეს, თუ რამდენად შესაძლებელია შვეიცარიაში უკვე მცხოვრები და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირების დასაქმება სოფლის მეურნეობის დარგში. საქართველოს მოქალაქეებისათვის უცვლელი რჩება შვეიცარიაში შესვლისა და იქ ყოფნის რეგულაციები”,  – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შვეიცარია მიგრანტებს ფერმერის სტატუსსა და სამუშაოს სთავაზობს. შვეიცარიის მთავრობა მზადაა, დაინტერესებულ პირებს მინიმალური ხელფასი გადაუხადოს და ენა უფასოდ შეასწავლოს.

დასახელდა ხელფასის მოცულობაც, რომელიც მუშაობის მეორე თვიდან 3 ათას ევროს აღწევს.

commersant.ge

შემთხვევითი სიახლე

Pobeda Airlines-მა 1.5 მლრდ დოლარის Boeing-ი შეუკვეთა

Aeroflot-ის ჯგუფში შემავალმა, „ლოუკოსტერმა“ Pobeda Airlines-მა 20 ერთეული Boeing-737MAX8 დაუკვეთა. შეკვეთის ბიუჯეტი 1.5 მლრდ დოლარია. …