ბიზნეს ინიციატივები ყაზბეგში – ENPARD-ი სოფლად მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს

თბილისი (BPI) – 10-11 ოქტომბერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მედიისათვის ორდღიანი საინფორმაციო ტური მოეწყო. პროგრამა ENPARD საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს სოფლებში სიღარიბის დონის შემცირებასა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი „ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ ENPARD-ის ფარგლებში ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის PIN („ფიფლ ინ ნიდ“) მხარდაჭერით მიმდინარეობს და მოსახლეობას ბიზნეს იდეების  განხორციელებაში ეხმარება.

„დღეის მდგომარეობით პროექტის პირველ ეტაპზე ყაზბეგში 62 ბიზნეს იდეაა შერჩეული, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებითა და ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის, LAG-ის, აქტიური მხარდაჭერით. გვაქვს ძალიან კარგი სტატისტიკა დასაქმების კუთხით: საერთო ჯამში რეგიონებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი ოჯახია დასაქმებული,“ – აღნიშნავს თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ხელმძღვანელი.

ბექა სუჯაშვილს წლების განმავლობაში სურდა თამაში “Airsoft”-ის იდეა ყაზბეგში განეხორციელებინა, თუმცა ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე ამას ვერ ახერხებდა. განაცხადის შეტანიდან რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მისი იდეა დააფინანსა. როგორც ბექა აცხადებს, საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ აპირებს გაფართოებას, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს ერთდროულად თამაში.

პროგრამის ერთ-ერთი დაფინანსებული იდეაა ხინკლის მინისაწარმო ყაზბეგში, რომელიც მოხევურ ხინკალს რამდენიმე ობიექტს აწვდის. „საერთო ჯამში 5 ადამიანია დასაქმებული, ვაპირებთ გაფართოებას, რათა მეტი ადამიანი დავასაქმოთ და მეტ ადგილას გავიტანოთ ჩვენი წარმოება.“ – აცხადებს პროექტის ბენეფიციარი დონარა წიკლაური.

საბავშვო ბაღი, რესტორანი, ხინკლის მინისაწარმო, თამაში “Airsoft”, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმრო, მეტალო-პლასტმასის ქარხანა – ეს პროექტის ფარგლებში ყაზბეგში დაფინანსებული ბიზნეს იდეების არასრული ჩამონათვალია.

 

პროგრამა ENPARD-ის სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. მისი ამოცანაა სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება, მათი კონკურენტუნარიოანობის ამაღლება და სოფლის განვითარება. ამჟამად პროგრამა 8 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და პროექტების დაფინანსებას განაგრძობს.

 

სალომე გეგუჩაძე,  “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …