ბათუმში UEFA-ს სტანდარტების სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება

თბილისი (BPI) – ბათუმის საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ხელშეკრულების მიხედვით, UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტების სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

სტადიონი  20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება.

ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონები აშენდა და მათი გადახურვა დასრულდა 10-დან 9 სექტორში.

ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 80 % შესრულებულია, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა, რომლის 70 % დასრულებულია. უახლოეს დღეებში იარუსების მოწყობა დაიწყება. პარალელურად მეორე სართულის კოლონების დახურვა უკვე დაწყებულია 4 სექტორში.

სექტემბრიდან ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები დაიწყება, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული, სექტემბრიდან 250-მდე გაიზრდება.

სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნენ.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორს ივნისში მოგება შეუმცირდა

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორმა ივნისში 48 მლნ მოგება მიიღო (მაისი – 68 მლნ; -42%m.m). 1 ივლისის მდგომარეობით …