ბათუმის პორტში ახალი ტერმინალი გაიხსნება

თბილისი (BPI) – ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნება.

ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს ამერიკული კორპორაცია Trammo, რომელიც Wondernet Express Investment Group -ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროექტის ინვესტორი გახდა.  კომპანია ბიზნესში უმაღლესი დონის ეკოლოგიურ სტანდარტებს იცავს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე დაგეგმილია მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობა გრანულირებული კარბამიდის გადატვირთვის მიზნით.

ტერმინალი რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ხელს შეუწყობს, როგორც აჭარის, ისე მთლიანად საქართველოს ეკონომიკის ზრდას. პროექტი გულისხმობს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის ნავსადგურებში, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ლოჯისტიკური დერეფნის შექმნას.

ბათუმის პორტში ახალი, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობის პროექტს განახორციელებს კომპანია Wondernet Express , რომელიც წარმატებით საქმიანობს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიის ქვეყნებში, ასევე ჩინეთში, კორეასა და თურქეთში, სხვადასხვა სახის ტვირთების ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების მომსახურების სფეროში. კომპანია Wondernet Express Investment Group-მა, მინერალური სასუქების ახალი ლოჯისტიკური დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით უკვე გააფორმა შეთანხმებები ძირითად პარტნიორებთან – ესენია საქართველოს რკინიგზა, ბათუმის პორტი, აზერბაიჯანის რკინიგზა, ბაქოს ნავსადგური. ტერმინალი აღჭურვილი იქნება მინერალური სასუქების გადატვირთვისათვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, კერძოდ კონვეიერული სისტემით და გემის დამტვირთველით, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. სასაწყობე ობიექტები განკუთვნილია 60 000 ტონა ჯამური მოცულობის სასუქის შესანახად. ტერმინალის დაგეგმილი საწარმოო სიმძლავრე წელიწადში 1 200 000 ტონამდე მინერალური სასუქის გადამუშავების საშუალებას იძლევა. კომპანია მულტიმოდალური ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტირებას გეგმავს.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …