აზიური ტური – სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

თბილისი (BPI) – ქართული ღვინის დეგუსტაცია სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში გაიმართა.

ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018”-ის ფარგლებში, „Meiburg Wine Media“-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Kwonsooksoo სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად. ღონისძიებას ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად შეეხამება კორეულ სამზარეულოს.

ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარდგენილი. სტუმრებმა აქაც 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა დააგემოვნეს. საღამოს ღვინის იმპორტიორები, მედიის, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.

დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media“-ს ორგანიზებით გაიმართა.

მიმდინარე წლის ბოლომდე აზიის ტურის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში – შანხაიში, მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიული ბაზარია. 2018 წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40 980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), სინგაპურში – 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).

Image may contain: 5 people, people sitting and indoor

შემთხვევითი სიახლე

მინისტრი სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მან ქართული ეკონომიკის დიაგნოსტიკა ჩაატარა  და  აღმოაჩინა მთავარი ნაკლოვანება …