ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია მთავრობას მოსალოდნელი პრობლემების შესახებ აფრთხილებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია (გვიბა) ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების პროცესში მოსალოდნელ პრობლემებზე მიანიშნებს და მდგომარეობის გაუარესებამდე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას შეხვედრას სთხოვს.

„მთავრობის მეთაურსა და ეკონომიკის მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ, ვთხოვთ, დროულად მიიღონ ზომები პრობლემების გამო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების არაადექვატური ქმედებებისა და მიდგომების გამო რეფორმის დაწყების საწყისი ეტაპიდანვე, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა.

ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე საქმეში სრულიად გამოუცდელი, სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ შვილობილი კომპანია „პრემიუმ რეზიდენსის“ (ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“) შემოყვანის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მრავალი კითხვა გააჩინა. სამწუხაროდ, ყველაფერი გაკეთდა, რომ ბაზარზე, ფაქტობრივად აბსოლუტური შეზღუდვის გარეშე, მონოპოლურ მდგომარეობაში იმოქმედოს „პრემიუმ რეზიდენსმა“(გრინვეი საქართველო), რომელსაც არამხოლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება, შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და პერსონალიც კი არ გააჩნია. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიას ტენდერისა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უკვე დარღვეული აქვს. არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია და ინსპექტირების ცენტრების მშენებლობაც კი არ დაუწყია.

მიმდინარე რეფორმის პროცესში მიღებული სისტემური ხასიათის სადავო გადაწყვეტილებები ჯერაც უცვლელია, რის გამოც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისევე როგორც საქართველოს მთავრობაში, კონკურენციის სააგენტოსა და ეკონომიკისა სამინისტროში არაერთი საჩივარი წარვადგინეთ.

რეფორმის საწყის ეტაპზე გაუმჭვირვალედ წარმართულმა პროცესმა და სისტემური ხასიათის პრობლემებმა შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს ან შეაფერხოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი. აღნიშნულმა გააჩინა ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის არსებითად შეზღუდვის მოლოდინი. ეს ყველაფერი არამხოლოდ მოსახლეობას და ბიზნესს, მთავრობასაც დააზარალებს“ – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა იორდანიშვილი.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია (გვიბა) საქართველოში მოქმედი ინსპექტირების ცენტრების და ამ ბიზნესით დაინტერესებულ პირთა გაერთიანებაა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი არის ბიზნესის განვითარება და საერთო მიზნების წარმოდგენა, თვითრეგულირების ფარგლებში ბიზნესის ეთიკისა და სტანდარტების დამკვიდრებისათვის ხელის შეწყობა, აგრეთვე მთავრობის მიერ გაცხადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა. დღეისათვის ასოციაციის წევრთა ძალისხმევით, საქართველოს მასშტაბით უკვე არსებობს და ფუნქციონირებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების 89 ხაზი და უახლოეს მომავალში ეს რიცხვიც გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემისა და აღჭურვის პროცესში საბიუჯეტო სახსრები არ დახარჯულა და სრულად ასოციაციის წევრთა ინვესტისტიცია ჩაიდო, რომლის რაოდენობა ათეულობით მლნ. ლარია. ეს ფაქტი წარმოაჩენს და ხაზს უსვამს ასოციაციის, მისი თითოეული წევრი კომპანიის წვლილსა და მზაობას აქტიურად იყვნენ ჩართული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების რეფორმის პროცესში და უზრუნველყონ მისი წარმატება.

ასოციაციის წევრები მიიჩნევენ, რომ რეფორმა მის მონაწილეთა დიალოგის და ურთიერთპატივისცემის გარეშე წარმატებული ვერ იქნება.

ჩვენ დაინტერესებული ვართ წვლილი შევიტანოთ საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის რეფორმასა და საქართველოს ევროასოცირების პროცესში. სწორედ ამიტომ გასული წლიდან აკრედიტაციის პროცესში ჩვენი მონაწილეობით მხარს ვუჭერთ გაცხადებული რეფორმის მიზანს. რეფორმის სრულმასშტაბიან ამოქმედებამდე მცირე დროა დარჩენილი, მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობისა და შედეგების განხილვა-კორექტირება წლის ბოლომდე უნდა მოესწროს. რეფორმის მიმდინარეობის შედეგები, შეცდომები თუ ხარვეზები კი სწორედ ინსპექტირების ბიზნესის, ასოციაციის წევრ კომპანიების გამოცდილებაშია დაგროვილი.

შემთხვევითი სიახლე

“ვითიბის” კონკურენტული სასესხო შეთავაზება აქვს

თბილისი (BPI) –  სებ-ის  მორიგ რეგულაციებამდე, “ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხებზე საახალწლო აქციას იწყებს. უზრუნველყოფილი სესხი …