„ავერსის“ მიერ წარმოებული წამლები სომხეთში ბევრად იაფად იყიდება“

თბილისი (BPI) – „მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები,ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულებაა“

საქართველოში, მოსახლეობის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს , რაც მძიმე ტვირთად აწვება საზოგადოებას და განსაკუთრებით მის ღარიბ ფენას.  განსაკუთრებით, პრობლემას ქმნის მედიკამენტების მარალი ფასები, რომელიც პერმანენტულად მზარდია. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ, რომ  ევროპის და ჩვენს მეზობელ  ქვეყნებში წამლებზე ფასი საქართველოსგან განსხვავებით ბევრად იაფია.

რამდენიმე დღის წინ  მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ თურქეთში ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია და  საქართველოში ძვირადღირებული წამლების შესყიდვა  თურქეთში თითქმის მესამედ ფასად შეიძლება.

Caucasus business weekი დაინტერესდა, რით არის ეს განპირობებული და რა  შეიძლება გაკეთდეს საქართველოში მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებისათვის?

აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  დავით სერგეენკო აცხადებს, რომ   ჩვენგან განსხვავებით თურქეთი ძალიან ჭკვიანად მოიქცა. კერძოდ: „ როდესაც ჩვენ 2007 და 2010 წლებში, ძალიან მარტივად მივიღეთ პრივატიზაციებზე გადაწყვეტილება, თურქეთი ძალიან ჭკვიანურად მოიქცა და მძლავრი სახელმწიფო საპირწონეები დატოვა როგორც კლინიკებში, ასევე ფარმაწარმოებაში.

მეორე ის, რომ თურქეთი მოსახლეობის მხრივ საკმაოდ დიდ ბაზარს წარმოადგენს და სახელწიფო მძლავრი ჩართულობის გამო თურქეთს საერთაშორისო მწარმოებლებთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ გააკეთონ ე.წ. წარმოების ლოკალიზაცია, ანუ სხვა ქვეყნების დიდმა ფარმაკომპანიებმა აწარმოონ თურქეთში და ეს ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მესამე ის, რომ თურქეთმა მოახერხა რამდენიმე წლის წინ რეგიონის კონსოლიდირებულ შესყიდვაში, როდესაც რამდენიმე ქვეყანა გაერთიანებული ძალებით ყიდულობს ერთი და იგივე წამალს და ესეც არის ფასდაკლების ბერკეტი“ – განაცხადა სერგეენკომ.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“  პრეზიდენტი შოთა გულბანი  აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების სიძვირეს მრავალი ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში ეს არის უკონტროლო ფარმაცევტული ბაზარი, სადაც ობიექტური ფასი მედიკამენტებზე თავისუფალმა ბაზარმა კონკურენციის პირობებში უნდა წარმოშვას, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ არის შედეგის მომცემი გზა და ფასები მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვიზებზე მუდმივი უკმაყოფილების საგანია და ის პირდაპირ ურტყამს მოსახლეობის გაჭირვებულ ფენას, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა ჩვენს ქვეყანაში.

მისი განცხადებით, ქართულ ბაზარზე პარადოქსული მდგომარეობაა. ერთი შეხედვით უამრავი მომწოდებელია და ასევე გვაქვს ადგილობრივი წარმოებებიც, რამაც წესით მედიკამენტებზე ფასები უნდა შეამციროს კონკურენციის პირობებში, თუმცა პირიქით ხდება და ვხედავთ, რომ მედიკამენტებზე ფასების ზრდა შეუქცევადი პროცესი გახდა.

„ზოგადად როცა ვამბობთ, რომ ძვირია, სასურველია დავაკონკრეტოთ თუ რას გულისხმობს სიძვირე და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ვაკეთებთ ასეთ შეფასებას. მაგალითად ჩვენს ორგანიზაციას ქონდა სხვადასხვა პერიოდში მედიკამენტების ბაზრის კვლევები, რა დროსაც მედიკამენტებზე ფასნამატი ხშირად 1000%-ს აჭარბებდა და ცხადია ამ მოცულობის ფასნამატი ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წამლები ძვირია. ამ რეალობას კი სახელმწიფო ვერაფრით უპირისპირდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ძვირია მედიკამენტები, არის ადგილობრივი წარმოების არ ქონა და იმპორტზე დამოკიდებულება. როცა მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უდიდესი ნაწილი იმპორტულია, ცხადია ფასები მეტწილად ვალუტის რყევებს ექვემდებარება. ხოლო ადგილობრივი წარმოების დეფიციტი პირდაპირ განაპირობებს სიძვირეს“-აღნიშნავს გულბანი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის ადგილობრივი წარმოების მედიკამენტები საქართველოში უფრო ძირი, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, გულბანი აცხადებს: „დიახ ასეთ შემთხვევები ნამდვილად დაფიქსირდა და ზუსტად რაიმეს თქმა რთულია, თუმცა მე ვფიქრობ მე ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ფარმაცევტული კომპანიების წმინდა ბიზნეს სტრატეგიასთან, რომლის მიზანიც ცხადია მოგების მაქსიმიზაციაა. როცა ბიზნესმენი ხედავს, რომ საქართველოში მედიკამენტებზე მოთხოვნა მაღალია და მას ფასის ფორმირებაში სრული თავისუფლება აქვს, აწესებს იმ ფასს, რაც მას მეტ მოგებას მოუტანს, ხოლო მაგალითად სომხეთში, ან სხვა ქვეყნის ბაზარზე სადაც გააქვს ანალოგიური მედიკამენტები, მან იქაურ ბაზარს კონკურენტული ფასი უნდა შესთავაზოს, რომ შესაბამისი ბაზრის ნიშა დაიკავოს და გაყიდვები არ ჩაუვარდეს. შესაბამისად შეიძლება შევხვდეთ შემთხვევებს, როცა აქ ადგილზე შეთავაზებული უფრო ძვირია, ვიდრე ანალოგიური საზღვარგარეთ“-აღნიშნავს გულბანი.

მისი განცხადებით,სახელმწიფოს შეუძლია ამ პროცესს ორი გზით დაუპირისპირდეს. პირველი, დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები საქართველოში როგორც წარმოების ისე ახალი სარეალიზაციო ქსელების გაჩენით, ეს ხელს შეუწყობს რეალური კონკურენციის დამკვიდრებას ბაზარზე და არა ფიქტიურის, როგორიც ეხლა გვაქვს, სადაც კარტელური გარიგებების დიდი რისკი და ლოგიკური საფუძვლები არსებობს.

მეორე გზა არის ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, როცა სახელმწიფო მედიკამენტებზე ფასნამატის ზედა ჭერს უწესებს იმპორტიორს, რომლის მაღლაც მას არ შეუძლია სარეალიზაციო ფასის დადება.

„ეს აპრობირებული მეთქოდია ევროპაში და სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ მედიკამენტი არ არის მხოლოდ კომერციული პროდუქტი და მას უდიდესი სოციალური მნიშნელობა გააჩნია და მასზე არსებობს მაღალი მოთხოვნა, სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ფასების ზრდის შესაჩერებლად ან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოსახლეობის მოწყვლად ფენებში“-აღნიშნავს გულბანი.

ეკონომიკის ექსპერტი, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნაწარმოები მედიკამენტები სომხეთში უფრო იაფად იყიდება, ვიდრე აქ. ამის მიზეზი  კი ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენციის არ არსებობაა.

„რა ფასადაც უნდათ იმას ადგენენ. სომხეთში კი ამის საშუალებას არ აძლევენ. მაგალითად, „ავერსის“ მიერ წარმოებული წამლები სომხეთში ბევრად იაფად იყიდება. თუ ავიღებთ საერთაშორისო ბრენდებს, იქაც უამრავ მედიკამენტს აღმოაჩნეთ,რომელიც ჩვენს მეზობელ სომხეთში ბევრად იაფად იყიდება, ვიდრე საქართველოში“-აცხადებს ჯანიაშვილი.

მისი განცხადებით, ამის აღმოფხვრა სახელმწიფოს ნება არ არის, რადგან ფარმაცევტული კომპანიების ლობირება მიდის. „კონკურენციის სააგენტო არაფერს არ აკეთებს, ეს უწყება გასაუქმებელია“-აღნიშნავს ჯანიაშვილი.

CBW

 

 

შემთხვევითი სიახლე

ვითიბიმ ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკმა ბარათიდან ბარათზე გადარიცხვის სერვისი დანერგა. ახალი მომსახურება იძლევა თანხის გადარიცხვის შესაძლებლობას …