ანაკლიის კონსორციუმი პარტნიორებთან ერთად ახალგაზრდებისთვის განათლებისა და დასაქმების განსაკუთრებულ პირობებს ქმნის

თბილისი (BPI) – “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა”, “ანაკლია სითიმ”, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველომ” და სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სან დიეგოს უნივერსისტეტთან აქტიურ თანამშრომლობასა და სტუდენტების სამომავლო დასაქმებას ითვალისწინებს.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო (MCA – Georgia)” სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების საქართველოში დანერგვა, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების ამერიკული აკრედიტაცია და ადამიანური რესურსის გაძლიერებაა.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და “ანაკლია სითი” ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში სხვადასხვა სპეციალისტები ფაზების მიხედვით დასაქმდებიან.

მემორანდუმის თანახმად მხარეების მიზანია მრავალმხრივ შეუწყონ ხელი საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებასა და შემდგომ მათ დასაქმებას, რაც ქვეყანაში განათლების ხარისხის გაზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და “ანაკლია სითის” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ანაკლიის პორტისა და ქალაქის პრეზენტაციები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს პორტის ტერიტორიზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

“ანაკლიის პორტი და ქალაქი მომდევნო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. საზოგადოების ინფორმირება და განათლების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა როგორც დამსაქმებლისათვის, ასევე დასაქმებულისთვის. ჩვენ დიდი, მრავალწლიანი გეგმა გვაქვს, ამიტომ ძალისხმევას პირველ რიგში, ადამიანების განათლების ამაღლებასა და მაღალპროფესიული კადრების შექმნაში ვდებთ”, – განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.