ახალგაზრდა გამომგონებელმა ჭკვიანი სახლი შექმნა – შშმ პირთათვის შექმნილი პროექტი ევროპის ოლიმპიადების გამარჯვებულია

თბილისი (BPI) – ახალგაზრდა მეცნიერმა იუსიფ ნასიბოვმა პროექტი „ჭკვიანი სახლი“ შექმნა და ერთ-ერთი საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.

„ჭკვიანი სახლი“ შშმ პირებისთვის შექმნილი ხმისა და ხელის სენსორზე ადაპტირებული სახლის მართვის მოდელია. იგი უსინათლოებსა და სხვა ტიპის პრობლემების მქონე პირებს ეხმარება დამხმარე რობოტის მეშვეობით სხვადასხვა ფუნქციის შესრულებაში.  პროექტი მრავალფუნქციური შესაძლებლობის გამო არაერთი საერთაშორისო ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებული გახდა.

იუსიფ ნასიბოვი, სოფელ მუღანლოდანაა. განათლებას იგი ქალაქ რუსთავში,  შოთა რუსთაველის სკოლა-ლიცეუმში იღებს. მომავალ მეცნიერს გამომგონებლობასთან და მეცნიერებასთან პირველი შეხება, ისევე როგორც ქართულ ენასთან პირველი კონტაქტი სწორედ ამ სკოლაში მოუწია.

იუსიფი სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც არაერთი გამომგონება და საინტერესო პროექტიც აქვს შექმნილი.

მოზარდმა პირველი სამეცნიერო პროექტი მე-9 კლასში შექმნა და  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადაზე გაიტანა. გასულ წელს ახალგაზრდა მეცნიერი მსოფლიოს რამოდენიმე კონკურსიდან ოქროს მედლითაც დაბრუნდა.

„არასოდეს მიფიქრია მსგავს სფეროში მუშაობაზე, სკოლაში სწავლა რუტინული და მოსაწყენი პროცესიც კი მეგონა, თუმცა, როდესაც პირველი შედეგი ვნახე, მეტი და მეტის მიღწევაც მომინდა. დღეს უკვე სკოლის სხვა მოსწავლეებსაც ვეხმარები პროექტების შექმნაში. მიხარია, რომ ამ მიმართულებით ვსაქმიაონაბ და იმედია კიდევ უფრო საინტერესო გამოგონებებიც მექნება“- ამბობს იუსიფი.

ერთი წლის წინ  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე  იუსიფ ნასიბოვმა პროექტით „ჭკვიანი სახლი„ პირველი ადგილი მოიპოვა. ამჟამად, გამომგონებელი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, რომელიც მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო იქნება მომხმარებლებისთვისაც და იუსიფსაც ახალ წარმატებებს მოუტანს.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ავიაბაზარზე Air France შემოდის

თბილისი (BPI) – 2019 წლის აპრილიდან თბილისის მიმართულებით პარიზიდან ფრენების შესრულებას საფრანგეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Air …