აგვისტოში ბათუმს 40 ახალი ავტობუსი დაემატება

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე წარდგენილი იყო პროექტი, რომელიც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 ავტოსატრანსპორტო საშუალებებით/მიკროავტობუსი) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის წესის დადგენას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის მიღების მიზანს M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკურსის საფუძველზე ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა წარმოადგენს.

როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, კონკურსი იმ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადდება, რომლებიც საკრებულომ 2018 წლის 29 მაისის N43 დადგენილებით დაამტკიცა.

ქალაქში დღიურად მოძრავი 450-მდე მიკროავტობუსი, ოპტიმიზაციის შედეგად, 250-მდე შემცირდება, რის შემდეგაც მიკროავტობუსი ახალი რეგულაციებისა და ახალი სამარშრუტო ხაზების მიხედვით იმოძრავებს.

კონკურსი განსაზღრავს კრიტერიუმებს, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს სამარშრუტო ტაქსი, ქალაქში მოძრაობის უფლება რომ მიეცეს.

კონკურსის ძირითადი მოთხოვნებია მიკროავტობუსის ტექნიკური გამართულობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

აუცილებელია მიკროავტობუსს ჰქონდეს გამართული კონდიცირების სისტემა, ფანჯრების გაღების საშუალება, სავარძლების დაშორება სტანდარტის შესაბამისად. დაუშვებელია მიკროავტობუსით მგზავრობისას მგზავრის ფეხზე დგომა.

აღნიშნულ წესთან დაკავშირებით წინასწარ იყვნენ ინფორმირებულები ის შპს-ები, რომლებიც სამარშრუტო ხაზებს ამუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ქალაქს 40 ახალი ავტობუსი დაემატება. გამოცხადდება ვაკანსიები მძღოლის პოზიციაზე და მიკროავტობუსების მძღოლებს კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

დღეისათვის ქალაქში მუნიციპალური ავტობუსები სრული დატვირთვით მუშაობს.

შემთხვევითი სიახლე

“BOOKING.COM-ის რეიტინგში თბილისი სასტურმოების მომსახურების დონით მეხუთე ადგილზეა”

თბილისი (BPI) – “Booking. Com-ის გასული წლის შედეგების მიხედვით, ქართულმა სასტუმროებმა, საუკეთესო შედეგი აჩვენა და …