2017 წელს “ბიდიოს” გაერთიანებულმა შემოსავალმა 12 მლნ-ს გადააჭარბა

თბილისი (BPI) – კომპანია “ბიდიო” შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდაზე აცხადებს. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს გასულ წელთან შედარებით გაერთიანებული შემოსავალი 27%-ით გაიზარდა და 12.4 მლნ ლარი შეადგინა. ბოლო ოფიციალური რეიტინგებით, ბიდიო საქართველოს ბაზარზე მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეიტინგში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს და მე-3 ადგილს იკავებს.

“ბიდიოს ფინანსური შედეგები ადასტურებს ზრდას ყველა მიმართულებით. მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა რეგულაციებში ძირეულად შეცვალა აუდიტის მომსახურების პრინციპები საქართველოში. სწრაფი ადაპტირებისა და გამოწვევებზე სწორი რეაგირების შედეგად, აუდიტის მიმართულების შემოსავალი 29%-ით, 2.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ბიზნეს სერვისების აუთსორსინგის გუნდის შემოსავალმა 18%-იანი ზრდის შედეგად ასევე 2.7 მლნ ლარი შეადგინა. ჩვენ ვთავაზობთ მომსახურების თანამედროვე ფორმებს ტექნოლოგიებთან კომბინაციაში, რაც უზრუნველყოფს უფრო მეტ დივერსიფიკაციასა და მოქნილობას აუთსორსინგის სერვისებში.

პროგრამული პროდუქტები და ტექნოლოგიური კონსულტაციები ბიდიოს პროფესიული პრაქტიკის განუყოფელ ნაწილად იქცა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩვენი გუნდების პროდუქტულობაზე  სხვადასხვა მიმართულებით.  შედეგად, ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების შემოსავალმა 2017 წელს 27%-იანი ზრდით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. ბიდიო წარმოგიდგენთ ერთ-ერთ  ყველაზე მრავალფეროვან ბიზნეს საკონსულტაციო სერვისს ბაზარზე, გამყარებულს სფეროების სიღრმისეული ცოდნით, ტექნოლოგიური გამოცდილებითა და ინოვაციური მიდგომებით. ბიზნეს კონსულტაციების კომბინირებულმა შემოსავალმა გასულ წელს 5 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო შიდა მიმართულებების მიხედვით ზრდის მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: იურიდიული მომსახურება 30%, კორპორაციული ფინანსები 18%, პროგრამული პროდუქტები და ტექნოლოგიური კონსულტაციები 42%, ბიზნეს ტრენინგები 130%.

გასული წელი გამორჩეული იყო ბიდიოს კადრების განვითარების თვალსაზრისით. ცოდნისა და გამოცდილების შეძენის უწყვეტი პროცესის ფარგლებში, 2017 წელს განხორციელდა სექონდმენთის პროგრამის ახალი ნაკადი ბიდიოს აშშ-ს ოფისებში. წლის განმავლობაში დაწინაურდა 29 პროფესიონალი და 31 დეკემბრის მდგომარეობით, ბიდიო საქართველოში წარმოდგენილი იყო 11 პარტნიორით, 144 პროფესიული და 35 ადმინისტრაციული კადრით.

მმართველმა გუნდმა უზრუნველყო პროფესიული, დამხმარე და ადმინისტრაციული გუნდების საუკეთესო დაკომპლექტება, რომლის მიზანიც მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების ეფექტური გადანაწილება იყო. სწორედ ამგვარმა მიდგომამ განაპირობა შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები და კომპანიის საქმიანობის საუკეთესო ადმინისტრაციული მხარდაჭერა”, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

2017 წლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა მომსახურების პირველი ხარისხის მინიჭება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგად. ბიდიო იყო ერთ-ერთი ხუთ აუდიტორულ კომპანიას შორის, რომელმაც მიიღო უმაღლესი შეფასება, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ ფასეულობებს – ხარისხსა და პროფესიონალიზმს.

„1999 წელს ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი სერვისების დივერსიფიკაციაში და  კლიენტებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას ყველა სერვისთან მიმართებაში.  ყოველწლიურად ვუახლოვდებით ჩვენს სტრატეგიულ მიზანს  გავზარდოთ და განვავითაროთ როგორც კომპანია, ისე ჩვენი გუნდი, რომელიც რეალურად გვაძლევს ამის შესაძლებლობას. გუნდის შემართებამ, ხარისხზე ორიენტირებამ და გამორჩეულმა ურთიერთობებმა შედეგი უკვე გამოიღო და ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრი წარმატება წინ გველოდება“, აცხადებს ბიდიოს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.

“ბიდიოს მაღალი ფინანსური მაჩვენებლები ადეკვატური პასუხია ჩვენს გადაწყვეტილებაზე – წლის განმავლობაში ინვესტირება გაგვეკეთებინა მომსახურების ხარისხსა და რესურსებში. ჩვენ ვამაყობთ მომსახურების მრავალფეროვნებით, ადაპტაციისა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შესაძლებლობებით. სწორედ ამ ფაქტორების გამო კლიენტების მოლოდინი ბუნებრივია მაღალია. ეს გვაძლევს სტიმულს ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი პროფესიონალიზმითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. გამორჩეული მომსახურების ცენტრში სწორედ ჩვენი თანამშრომლები არიან, რომელთაც ვთავაზობთ საუკეთესო პლატფორმას პერსონალური და პროფესიული განვითარებისთვის, რათა გავამართლოთ მათი ძალისხმევა და ერთგულება ბიდიოს მიმართ“, დასძენს ბიდიოს უფროსი პარტნიორი ლევან მკლავიშვილი.