2011 წლიდან დღემდე სამთო მოპოვებით კომპანია RMG-ს ბიუჯეტში 500 მლნ ლარი აქვს შეტანილი

თბილისი (BPI) – ბიზნეს სექტორები, რომელიც ეკონომიკის ხერხემალი უნდა იყოს დღეს შეფერხებით ფუნქციონირებენ

ბოლო პერიოდში კომპანია RMG-ის გარშემო საკმაოდ სენსიტიური პროცესები განვითარდა. კომპანიას ჯერ გარემოს ზიანის და რეგიონში ჯანდაცვის კუთხით დასდეს ბრალი, შემდეგ უკვე სახელმწიფო აუქციონების ჩაშლის პოლიტიკურ სქემაში მოექცა კომპანია. RMG-ს წარმოების გვერდით არსებული მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო აუქციონში წლიურად 15000 ლარად შეფასებული საიჯარო ფართი 5 მლნ ლარად პოლიტიკოსებმა არ დაუთმეს კომპანიას. თუმცა აუქციონის ვადები ამოიწურა და მიწის საიჯარო ხელშეკრულება არავის გაუფორმებია სახელმწიფოსთან. ამ ეტაპზე იგივე ჯგუფები კომპანიის ახალი, მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის დაწყებას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნულ პროცესებს გამოეხმაურნენ, როგორც კერძო ექსპერტები, ისე სახელმწიფო სტრუქტურები. ამ თემაზე განცხადება გააკეთა კომპანიის ხელმძღვანელობამაც. უფრო კონკრეტულად კომპანიის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომპანია RMG-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯონი შუბითიძე საუბრობს.

ზოგადად როგორ აფასებთ დღეს ქვეყანაში ფორმირებულ საინვესტიციო გარემოს, იმდენად რამდენადაც, ბოლო პერიოდში არაერთი ქეისია, სადაც ნათლად გამოჩნდა სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან ბიზნესზე პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლის ფაქტები? ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელის მოსაზრება, როგორ აფასებთ ბოლო დროს აუქციონში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობის ფაქტს?

მინდა დავაფიქსირო, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო რეგულაციების მხრივ ბიზნესისთვის ნორმალური საინვესტიციო გარემო ჩამოყალიბდა. ამდენად, სამთო მრეწველობა საქართველოში იძლევა შესაძლებლობას ინვესტირებებისთვის. ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ ბიზნეს, მეწარმეობას და კარგია, რომ ეს ყველა დარგს ეხება. ნებისმიერი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ბიზნესისა და წარმოებისთვის შექმნას თავისუფალი გარემო. მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო ინსტიტუტებს ფეხს არ უწყობს ზოგიერთი ადამიანების ჯგუფი, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ინეტერსებისათვის მოქმედება ურჩევნიათ. სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსიც ამ გზას დაადგა. არსებობს ჯგუფები, რომლებიც ცუდად იყენებენ ქვეყანაში შექმნილ ლიბერალურ გარემოს და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხშირ შემთხვევაში თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შეაფერხონ, როგორც სახელმწიფო, ისე ეკონომიკა რაც საერთო ჯამში კომპანიების მუშაობაზეც აისახება და ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს. უნდა ახსოვდეთ, რომ ამ პროცესებს აკვირდება საერთაშორისო საზოგადოება და ფინანსური ინსტიტუტები.

RMG-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თქვენ შეხვედრა გქონდათ ბიზნეს ომბუცმენთანაც, საინტერესოა რა აქცენტები დაისვა შეხვედრაზე და ზოგადად როგორ აფასებთ სახელმწიფოს როლსა და ნაბიჯებს ბიზნესთან ურთიერთობაში?

ბიზნსეს ომბუდსმენის ინსტიტუტთან ეს ჩვენი ჯგუფისთვის პირველი შეხება იყო და მინდა აღვნიშნო, რომ კომუნიკაცია საკმაოდ კარგ, საქმიან და კონსტრუქციული გარემოში შედგა. ირაკლი ლექვინაძე სიტუაციას არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდანაც აფასებს. მან ცალსახად დააფიქსირა, რომ ბიზნესის განვითარებას შესაბამისი გარემოს არსებობა სჭირდება. ჩვენი შეხვედრისას გავაცანით კომპანიის განვლილი და არსებული მდგომარეობა, რასაკვირველია ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე, ერთი სიტყვით ბიზნეს ომბუდსმენმა საკუთარი თვალით ნახა საწარმოო პროცესი. ამ შეხვედრაზე ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ჩვენთან დაწყებულია ფართემასშტაბიანი მოდერნიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლის ეტაპი. RMG-ს მენეჯმენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ცვლილებები უკვე დაწყებულია/ ასეთი განვითარება საჭიროა ადამიანების, გარემოსა და ბიზნესის ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ ამ საწარმოს ისტორიულად არსებული პრობლემები რეალურად გადაჭრას. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნების მსგავსი შედეგი მივიღოთ.

ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ საგრძნობლად გაიუმჯობესა მდგომარეობა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში. ბიზნესის დაწყების სიმარტივის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ლიდერთა ჩამონათვალშია. საინტერესოა როგორია თავად ბიზნესის თვალით დანახული ბიზნეს გარემო ქვეყანაში. რამდენად მარტივია დღეს ბიზნესის წარმოება საქართველოში. ასევე საინტერესოა თქვენი, როგორც ინვესტორის პოზიცია ზემოაღნიშნულ რეიტინგებთან დაკავშირებით. რამდენად აქცევს ბიზნესი, აღნიშნულ საერთაშორისო რეიტინგებს ყურადღებას ?

საერთო ჯამში რეიტინგი ჩვენთვის საინტერესოა, როგორც საერთო ქვეყნის ჯამური მონაცემები, ისე ეკონომიური მაჩვენებლები. ვიცით, რომ ძლიერი ბიზნესი ძლიერი სახელმწიფოა, ძლიერი კომპანია კი ძლიერი საქართველო. საქართველოში იმდენად მარტივია ბიზნესის წარმოება, ბევრ ევროპულ ქვეყანას, შეშურდება. მაგრამ არის მეორე უკიდურესობა სიმარტივეს, ლიბერალიზმს ძალიან ცუდად იყენებენ არამარტო ჩვენი ოპონენტები, არამედ ჯგუფები რომლებიც პოლიტიკიდან ბიზნესში გადმოიჭრენ. ეკონომიკის ძირითადი მიმართულებები, რომელებიც ქვეყნის ხერხემალი უნდა იყოს, ამ დარტყმების გამო შეფერხებით ფუნქციონირებს. ავიღოთ თუნდაც ენერგეტიკა, სამთო საქმე და სხვა დარგები. როგორც ჩანს გარკვეულ მართულ პროცესთან გვაქვს საქმე და ასეთ ჯგუფების უკან დგას ბიზნესის და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკის შეფერხება. ასევე საინტერესოა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა მუშაობაც საკმაოდ გაურკვეველია და საინტერესოა საიდან მოდის მათი დაფინანსება, რომელიც ხშირად კერძო ჯგუფების ინტერესს ემსახურება. საინტერესოა ასევე, რომ ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელი, რომელზეც ვსაუბრობთ მუდმივად აპელირებენ, რომ უმაღლესი დონის ექსპერტები არიან, რომ ყველაფერი იციან – სამთო საქმე, გეოლოგია, არქეოლოგია, ენერგეტიკა, ესმით წიაღის მოპოვების სპეციფიკა, ერკვევიან ხელოვნებასა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებში. ასე გამოდის მათ აქვთ ყველაფრის უფლება, შეუძლიათ უაპელაციოდ დაადანაშაულონ ყველა. ამ დროს თვლიან, რომ მეორე მხარეს არ აქვს უფლებები? უდიდესი ბოდიშის მოხდით ბევრ პროფესიონალთან, რომელიც არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობს, მაგრამ, ამ თვითმარქვიებს მინდა ვითხრა, რომ ჩვენ საკუთარი საქმის პროფესიონალების დიდი გუნდი ვართ. პირადად მე და ჩვენი კომპანიის უამრავი თანამშრომელი ათობით წელია სამთო საქმეს ვემსახურებით და გვაქვს ამის საერთაშორისო გამოცდილება. ამდენად, ჩვენ, კანონის დაცვით, არა მხოლოდ თავს დავიცავთ, არამედ კომპანიის ყველა გეგმას განვახორციელებთ.

როგორ აფასებთ სახელმწიფოს როლს, მეტი სიხისტე ხომ არ უნდა გამოიჩინოს იგივე სახელმწიფომ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ჯგუფების აქტივობა მრავალმილიონიანი პროექტის დაწყებას ეწინააღმდეგება.

სიმართლე გითხრათ სახელმწიფოს აქვს ისეთი პოლიტიკა, როგორიც უნდა ქონდეს. სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილი არ არის მზად მიიღოს თავისუფალი და დემოკრატიული ღირებულებები. გარკვეული ადამიანების ჯგუფს სხვაგვარად ერჩივნათ, ძველი დრო მოენატრათ და ამიტომ ცდილობენ სარგებელი მიიღონ. ეს ჯგუფები, კარგად იყენებენ შექმნილ სიტუაციას და თავისი ჩვეული მეთოდებით ცდილობენ საზოგადოება მუდმივი იდეოლოგიური მანქანის ზემოქმედების ქვეშ ყავდეთ. საბედნიეროდ, ხალხმა ტყუილ-მართლის გარჩევა ისწავლა და თუკი ცალკეულ გამოვლინებებს არ ჩავთვლით, დიდი ვნებათაღელვა ამაზე არ არის. ჩვენი მოსაზრებით, ასეთ დროს მაინც საჭიროა იყოს მკაცრი რეგულაციები, რომ კანონი და სახელმწიფო იცავდეს საინვესტიციო გარემოს და ბიზენსს. სახელმწიფოს ალბათ გარკვეული ქმედებების გატარება მაინც მოუწევს ამ მხრივ დამატებითი რეგულაციების შესაქმნელად.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონში დაბინძურების მასშტაბები არის ძალიან დიდი და კომპანია გარემოზე მიყენებული ზიანის შესამცირებლად არაფერს აკეთებს. ისინი იშველიებენ, ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც კომპანია RMG რეგიონში უნდა დააფინანსოს ბაქტერიული კვლევა, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა. რას უპასუხებთ ამ ადამიანებს და თუ იღებს კომპანია პასუხისმგებლობას აღნიშნული კვლების დაფინანსებაზე?

ჩემთვის უცნობია ვინმეს მოემართოს RMG-სთვის ერთობლივი კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით. ღიად, კომპანიის აქციონერებისა და მთელი ჯგუფის სახელით, ვაცხადებ, რომ ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ და მეტიც მონაწილეობა მივიღოთ ამ მიმართულებით კვლევებში. რაც შეეხება რეგიონში ჯანდაცვით პრობლემებს და იმას, რომ თითქოს ეს გამოწვეულია ჩვენი საქმიანობით, ამასთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად: კიბოს დაავადებულთა ოდენობით ქვემო ქართლი, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. არ გაინტერესებთ, რა მონაცემების საფუძველზე აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს ჩვენი მოწინააღმდეგეები? ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს? ქვემო ქართლის რეგიონი არაფრით არ განსხვავდება სხვა რეგიონებისგან და პირიქით, ძალიან ბევრ რეგიონს სწორედ ამ ნიშნით ჩამორჩება. თბილისში ან სხვა რეგიონებში ნაკლები პრობლემებია? მე არ მგონია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქმედებები არის რისკებთან დაკავშირებული ჩვენ ბუნებას ან ადამიანების ჯანმრთელობას ვაზიანებდეთ. მთელი ცხოვრება ამ საქმეში ვარ მეც და პრაქტიკულად მთელი ჩემი ოჯახიც. იმდენად რამდენადაც, ჩვენ ეს გვასწავლეს და ამ დარგის პროფესიონალები ვართ, ვიცით საქმე როგორ უნდა ვაკეთოთ და არც თავს დავიზიანებთ და არც გარშემომყოფებს. ჩვენ შრომის ფასი ვიცით და ჩვენ ვართ 3000 ადამიანი, ვინც რეალურ საქმეს ვემსახურებით, რეალურ ეკონომიკას ვქმნით. ვიმეორებ, რომ ყველა საქმე პროფესიონალმა უნდა აკეთოს და უნდა გაკეთდეს სწორად. ამის გარეშე ვერც ბიზნესი და ვერც სახელმწიფო ვერ განვითარდება.

მიწას, რომელიც ოპოზიციური პარტიების გაერთიანებამ აუქციონზე, ერთადერთი მისასვლელი გზა აქვს, რომელიც თქვენს კუთვნილ ტერიტორიაზე გადის. გარკვეული ეკონომიკური აქტივობის განვითარების შემთხვევაში აპირებთ დაუთმოთ ეს გზა ახალ ინვესტორს?

ეს მიწა ჩვენ გვჭირდებოდა სანაყაროსთვის, რადგან იქ არავითარი წიაღისეული არ არის. არც რაიმე მარცვლეული კულტურის დათესვა შეიძლება, მოკლედ იქ ვერაფერს გააკეთებთ, თუმცა მათ ნამდვილად შეუძლიათ მეორე აუქციონში ნაყიდი ხე დარგონ. თუ ამისთვის გადაიხადეს 5 მილიონი, რომ ხეები უნდა დარგონ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ საქმეში, მაგრამ ჩემი აზრით სულ სხვა მიზნები იყო ამ ქმედების უკან! მათ ეგონათ, რომ ჩვენ შევშინდებოდით და პირად სარგებელს მიიღებდენენ, ხოლო როდესაც მიხვდნენ, რომ ეს არ გამოსდით, თავდასხმაზე გადმოვიდნენ და ეხლა წარმოების შეჩერებით იმუქრებიან. რაც შეეხება გზას, ეს იგივეა, რომ ჩემს სახლში მოვიდეს მეზობელი და მითხრას, რომ ჩემი აივნიდან უნდა იაროს ყოველდღე თავის სახლში. ერთი სიტყვით თუ მიწას ყიდულობ ინფრასტრუქტურაც შენ უნდა მოაწესრიგო! ასე იყო ჩვენს ყველა პროექტზე და ყველგან ყველაფერი გავაკეთეთ. მეტსაც გეტყვით, დღესაც ყველა ჩვენს ახალ პროექტზეც ასე ვაკეთებთ – გაგვყავს გზა, რომელიც სოფლებსაც გამოადგება და ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას ბნელი ხევის ტერიტორიაზე.

ხშირად გვესმის განცხადებები იმის თაობაზე რომ კომპანია RMG წლიდან წლამდე კოლოსალურ მოგებაზე გადის. ამიტომ იქნებ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბროთ და კონკრეტულად გვითხრათ რა თანხა მიიღო აქედან სახელმწიფო ბიუჯეტმა?

პირველ რიგში უნდა გითხრათ, კომპანიამ 2011 წლიდან ბევრი სირთულე გაიარა, რადგან ჩვენი ჯგუფი მართავს 40 წლის ისტორიის მქონე საწარმოს და თავისი ოპერირების დაწყებიდან დღემდე ბევრი სამუშაოა ჩატარებული, რომ ვიყოთ ამ დარგში მოწინავე შრომის და წარმოების უსაფრთხოების, უნიკალური სამთო ტექნოლოგიებით მოპოვების, ენერგოეფექტური ტექმონოლოგიების დანერგვის კუთხით. ჩვენ, როგორც საინვესტიციო ჯგუფმა მნიშვნელოვანი თანხები გავიღეთ, რომ ახალი საბადოს მოსაძიებლად ჩატარებულიიყო გეოლოგიური საძიებო სამუშაოები. ასეთი სამი ობიექტი გვაქვს აღმოჩენილი. მარტო გეოლოგიური საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად 70 მილიონი ლარი დაიხარჯა. საერთო ჯამში 2011 წლიდან, დღემდე კომპანიას 500 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტში შეტანილი. მხოლოდ ლიცენზიებში კომპანიამ გადაიხადა 200 მილიონი ლარზე მეტი, მარტო სალიცენზიო ტერიოტორიებზე საერთო ბიუჯეტში 2012-დან 2017 -მდე ადგილობრივმა ბიუჯეტმა მოსაკრებლის სახით 74 მილიონი ლარი, მიიღო, ამას პლიუს ქონების გადასახადი 4 მილიონი ლარი, მოგების გადასახადი 47 მილიონი ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 62 მილიონი ლარი, რეგულირების გადასახადის ჯამი არის 49 მილიონი ლარი. ამის გარდა ვმონაწილეობთ უამრავი სოციალური პროექტში, მაგალითად მარტყოფში ამ დღეებში 10000 ხეს ვრგავთ, სკოლებს, ბაღებს ვარემონტებთ, მხარს ვუჭერთ სპორტულ კლუბებს და სტადიონებს ვაკეთებთ, არქეოლოგიურ კვლევებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ვაკეთებთ და ამაზე კომპანიაში 12 მლნ ლარია გამოყოფილი. ამჯერად, დასაქმებულთა რაოდენობა 3000 კაცზე მეტია და აქედან ადგილობრივთა წილი 90% შეადგენს. თითოეული ჩვენი თანამშრომელს აქვს სადაზღვევო პაკეტი და სამუშაოს დროს უზრუნველყოფილია უფასო კვებით, ხოლო საშუალო ანაზღაურება კომპანიაში 1400 ლარია.

საქართველოდან ექსპორტი, წლიდან წლამდე იზრდება, მთლიან ექსპორტში კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფერადი ლითონების ექსპორტს, თუ აწარმოებთ შიდა სტატისტიკას მთლიანი ექსპორტის მოცულობაში რა წილი უჭირავს კომპანია RMG -ის?

დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს არის 5% მეტი, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გასულ წელს RMG ჯგუფმა საექსპორტო საერთო მონაცემებში თანხის სახით 150 მილიონი დოლარი შეიტანა.

ბოლო დროს მედიაში ხშირად საუბრობთ წარმოების განახლებაზე და მოდერნიზაციაზე. რას გულისხმობთ, როდესაც ამ განცხადებას აკეთებთ? რა იცვლება და რა სიახლეებია ამ კუთხით?

ხშირად ჩვენი ხარმდამჭერები, თანამშრომლები, ჩვენი წარმომადგნელებიც და ყველა დაინტერესებული პირი, ვინც RMG ბიზნეს იცნობს ამბობს, რომ 40 წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემის გადაჭრა ჩვენზეა დამოკიდებული და ვაღიარებთ ამას ეს ნამდვილად ასეა. 30 მილიონი ლარი იხარჯება, იმისთვის, რათა გარემოზე ათწლეულების წინ მიყენებული ზიანი შემცირდეს, ახალი ტექნოლოგიებით და ახალი სტანდარტებით, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ეს რისკები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ და რამდენადაც შესაძლებელია ისტორიული პრობლემები შევამციროთ.

შემთხვევითი სიახლე

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

თბილისი (BPI) – 13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის …