+191 მლნ – საბანკო სექტორის მოგება იზრდება

თბილისი (BPI) – 2014-17 წლებში საბანკო სფეროს მოგება 2-ჯერ აღემატება 2001-2013 წლების მანძილზე მიღებულ მაჩვენებელს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია. 2016 წელს ბანკების წმინდა მოგება 679 მლნ ლარი იყო. კონკრეტულად 2017 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგებამ 153 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის დეკემბერში ბანკებმა 113 მლნ ლარის მოგება ნახეს. 2017 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 91 მლნ ლარი გადაიხადეს.

დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 16 ბანკია, 15 მოგებაზეა და მთლიანი მოგება 870.3 მლნ ლარს შეადგენს. ერთადერთი ბანკი, რომელმაც გასული წელი მოგებით ვერ დაასრულა სილქროუდ ბანკია, 2017 წლის მდგომარეობით მისმა ზარალმა 495 555 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ყველაზე მომგებიან ბანკებს, ლიდერობას უკვე წლებია არავის უთმობს „საქართველოს ბანკი, რომელსაც „თიბისი“ მოსდევს. ორი მსხვილი ბანკის მოგებამ 667 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ მთელი სექტორის მოგების 76%, ¾ ორ ბანკზე მოდის.

2017 წელს ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 3.58 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 77% საპროცენტო შემოსავლებზე (2,76 მლრდ. ლ), ხოლო 23% არასაპროცენტო შემოსავლებზე (821 მლნ. ლ) მოდის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკებმა 368 მილიონი ლარის შემოსავალი საკომისიოებიდან მიიღეს, 202 მლნ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, ხოლო 77 მილიონი ლარი ჯარიმებიდან და საურავებიდან.

გასულ წელს ბანკების მიერ დეპოზიტების მომსახურებაზე გაწეული საპროცენტო ხარჯი 668,5 მილიონი ლარი იყო, ხოლო სესხებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 2,76 მილიარდი ლარი, თითქმის 5-ჯერ მეტი ვიდრე მოზიდული ფინანსური რესურსის (ანაბრების) მომსახურება დაუჯდათ. 2017 წლის განმავლობაში, ბანკების მიერ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ 202,954 მილიონი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 219,332 მილიონი იყო.

რაც შეეხება სესხებს, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებამ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 22 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, იურიდიული პირების სესხების დოლარიზაცია 74%-ია, მთლიანია მოცულობიდან ლარში 2.5 მლრდ-ის არის გაცემული, ხოლო უცხოური ვალუტით 7.1 მლრდ ლარი. ფიზიკური პირების პორტფელი 11.2 მლრდ-ს შეადგენს. ამ შემთხვევაში ლარიზაციის კოეფიციენტია 57%-ია.  4.857 მლრდ ლარის სესხი, უცხოურ ვალუტაშია გაცემული, ხოლო 6,373  მლრდ-ის ლარის ეროვნულ ვალუტაში. გასულ წელთან შედარებით ლარიზაციის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად გაზრდილია, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 45.5%-ს შეადგენდა.

თუ წამყვანი ბანკების სამეულს ჩავხედავთ მოგების კუთხით ლიდერი „საქართველოს ბანკია“, რომელსაც თიბისი და ლიბერთი მოსდევს. 2017 წელი განსაკუთრებით წარმატებული  “საქართველოს ბანკისთვის” გამოდგა, რომლის მოგება წინა წელთან შედარებით 73%-ით გაიზარდა და 372 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს ბანკის მოგება 215 მლნ ლარი იყო. 2017 წელს საქართველოს ბანკმა მხოლოდ 30 მლნ ლარი დაარეზერვა. ერთ წელიწადში ბანკის აქტივები 10 მლრდ ლარიდან 12 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 9 მლრდ ლარიდან 10 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი ერთ წელიწადში გაზრდილია – 1 მლრდ ლარიდან 1,3 მლრდ ლარამდე.

მომგებიანობით რიგით მეორე “თიბისი ბანკია”, რომლის მოგება 2017 წელს 15%-ით გაიზარდა და 295 მლნ ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თიბისი ბანკმა 2017 წელს 135 მილიონი ლარი დაარეზერვა. ერთ წელიწადში ბანკის აქტივები 9 მლრდ ლარიდან 12 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი, ხოლო ვალდებულებები – 7  მლრდ ლარიდან 11 მლრდ ლარამდე. 1,4 მლრდ ლარიდან 1.6 მლრდ ლარამდე არის გაზრდილი ბანკის სააქციო კაპიტალი.

გასულ წელს “ლიბერთი ბანკის” მოგება 48%-ით გაიზარდა და 52 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წელს ბანკის მოგება 35 მლნ ლარი იყო. 2017 წელს ლიბერთი ბანკმა 37 მლნ ლარი დაარეზერვა. ერთ წელიწადში ბანკის აქტივები 1.6  მლრდ ლარიდან 1.8 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ვალდებულებები – 1.4 მლრდ ლარიდან 1.6 მლრდ ლარამდე. ბანკის სააქციო კაპიტალი ერთ წელიწადში გაზრდილია – 186 მლნ ლარიდან 226 მლნ ლარამდე.

აღსანიშნავია, რომ 2001-2013 წლებში კომერციული ბაკების 13 წლიანი ჯამური წმინდა მოგება 1,119 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2014-17 წლებში საქართველოს ბანკების ჯამური წმინდა მოგება 2,561 მილიარდი ლარია. ანუ, ბოლო 4 წელიწადში საბანკო სფეროს მოგება 2-ჯერ აღემატება 13 წლის მანძილზე მიღებულ მაჩვენებელს.

საინტერესოა, რომ თუ 2013-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს ბანკების მოგების ზრდას შევადარებთ (პროცენტულად, წინა წელთან შედარებით) აღმოჩნდება, რომ ბანკების წლიური მოგების ზრდის ტემპი მინიმუმ 6-ჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

საბანკო სფეროს მომგებიანობა ორი მაჩვენებლით განისაზღვრება ესენია:  ROA (მომგებიანობა აქტივებზე) და ROE (მომგებიანობა კაპიტალზე). ორივე მათგანის მიხედვით ქართული ბანკები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით წამყვან ადგილებს იყავებენ.

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით მსოფლიო ათეულშია. უფრო კონკრეტულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ქართული კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში 9 ადგილზე არიან აფრიკის,  აზიის და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ. საყურადღებოა, რომ 2012 წელს მომგებიანობა კაპიტალზე ROE იყო 7.9%, დღეისათვის (2017 წლის I კვარტლის მონაცემებით) ROE არის 27.6%. გაიზარდა 3.5-ჯერ. 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა აქტივებზე ROA იყო 1.3%, დღეისათვის (2017 წელი I კვარტლის მონაცემებით)) ROA არის 3.8%. გაიზარდა 2.8-ჯერ.

მერაბ ჯანიაშვილი